Saturday, 14 November 2015

ლიონბერგელი ემილი- ანუ უკან, ბავშვობაში

დაბადების დღეს გილოცავ, ბებია ასტრიდ!
არ შემეძლო დღევანდელი პოსტის წერა ამ სიტყვებით არ დამეწყო. დღეს ხომ მილიონობით ბავშვის ბებიის- ასტრიდ ლინდგრენის 108 წლის იუბილეა. ესაა მწერალი, რომელმაც უამრავი იდეალური სამყარო შექმნა, რათა ჩვენ, ბავშვებს გვეცხოვრა იქ.
მოკლედ დღევანდელი პოსტის თემაც, ისევე როგორც მომდევნო ორი თვის განმავლობაში იქნება ასტრიდ ლინდგრენის წიგნი- "ლიონბერგელი ემილის თავგადასავალი".
ასტრიდ ლინდგრენი პირველად შვიდი-რვა წლისამ გავიცანი, როცა ბიბლიოთეკიდან გამოტანილმა კარლსონმა აღმაფრთოვანა. მომავალში, უკვე წიგნის მოყვარულმა მისი არაერთი წიგნი წავიკითხე. ყოველი მათგანის კითხვა, ჩემში განსაკუთრებულ გრძნობებს იწვევდა. დღესაც, როდესაც რომელიმე მათგანს კვლავ ვკითხულობ ის ემოციები მიღვივდება, რომელიც რამოდენიმე წლის წინ მქონდა. თითოეული მისი გმირი კი დღესაც ჩემი მეგობარია: ესენი არიან: რონია, კარლსონი, ბიჭუნა, ემილი, პეპი, ექვსი ბიულერბიელი ბავშვი, კალე და უამრავი სხვა.
დღეს კი ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარს- ემილის გავიხსენებ.
როდესაც წიგნი სახლში მოვიტანე, იანვარი იყო. სკოლაში სწავლა რამოდენიმე დღის განახლებული იყო, გარეთ კი ნამდვილი გამყინვარების გამო, გასვლას ვეღარ ვბედავდი. სხვა გზა არ იყო, წიგნი ხელში ავიღე, სავარძელი ახლოს მივაჩოჩე თბილ კუთხესთან და წიგნი გადავშალე. თვალში მომხვდა ძალიან ლამაზი ილუსტრაციები (აქვე უდიდესი მადლობა ილონ ვიკლანდს, რომელსაც ასტრიდის ყველა წიგნი აქვს დასურათებული, ესენია ილუსტრაციები, რომლებიც მუდამ დარჩება ჩემს გონებაში). სწორედ ილუსტრაციების გამო იმდღესვე დავიწყე კითხვა. უკვე საღამო იყო, მე კი მისი ხელიდან გაშვება მაინც არ მინდოდა. ძილის დრო კარგა ხნის გადაცელილი იყო, მე კი მაინც დიდი ინტერესით ვკითხულობდი  პატარა და მოუსვენარი ემილის ამბებს. ან როგორც შეიძლება უინტერესოდ წაიკითხო ამბავი, სადაც ემილის თავი ქოთანში ეჭედება, ხან საკუთარ დას იყენებს დროშად, ხანაც, შემთხვევით ტუალეტში კეტავს მამას. მერე რა, მთავარია რომ მაინც მამაცი და თბილი ბიჭია, ეს მტკიცდება კიდეც წიგნის ბოლოს. წიგნი მეორე დღესვე დავამთავრე, რისთვისაც სკოლაც კი გავაცდინე. დიდი ხანი გავიდა რაც ემილის დავემშვიდობე, თუმცა ჩემს მოგონებებში ყოველთვის ცოცხლობს ის და კიდევ დიდხანს იცოცხლებს. ისიც ვიცი, რომ ოდესმე ჩემი შვილის საუკეთესო მეგობარიც გახდება, ისევე, როგორც ოდესღაც ჩემი.

No comments:

Post a Comment

კომენტარი