Tuesday, 26 July 2016

მე, გრეგი, ერლი და მომაკვდავი გოგონა

როგორც იმ წიგნის გმირი, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ, მეც დიდხანს მივჩერებოდი კომპიუტერის ეკრანს და ვფიქრობდი, როგორ დამეწყო ეს ბლოგპოსტი, სადაც უნდა გადმომეცა ჩემი გრძნობები ამ წიგნის მიმართ. თუმცა როგორ? ეს ისეთი წიგნია, რომლის კითხვის დროსაც სრულ გაურკვევლობაში ხარ: მოგწონს თუ არა ის? დარდიანია თუ მხიარული? მოკლედ, საბოლოოდ გადავწყვიტე გრეგის მსგავსად პუნქტუაციის არევით გავსულიყავი ფონს:
მომწონს ეს წიგნი: ის ნამდვილად მხიარულია?!!
ეს რაღა ჯანდაბაა! თუმცა არ მიკვირს: გრეგ გეინსის მსგავსად ჩემს ტვინსაც ობის სოკოები ჭამენ.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და თქვენც არ მოგაბეზროთ თავი ამ პოსტის კითხვით, საუბარი მაქვს ცნობილი ამერიკელი მწერლისა და სცენარისტის- ჯესი ენდრიუსის სადებიუტო და სუპერ-პოპულარულ წიგნზე: "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა", რომელიც ავტორმა 2012 წელს გამოსცა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან დაიპყრო ამერიკელი და არა მხოლოდ ამერიკელი თინეიჯერი მკითხველების გულები და მათ ცხოვრებაში ელვასავით შეიჭრა.
როცა ამ წიგნს იღებთ, შეიძლება მის მიმართ დიდი მოლოდინები გაქვთ, ან საერთოდ არაფერს ელით, ასეთივე განსხვავებული რეაქციები გაქვთ წიგნის კითხვისას, აი მისი დასასრულისას კი წესით, ერთგვაროვანი რეაქცია უნდა გქონდეთ: "უბრალოდ, მაგრად ტეხავს, რომ ასეთ წიგნს ამთავრებთ!"
წიგნში მთხრობელი არის ჩვიდმეტი წლის გრეგ გეინსი, რომელიც არც გარეგნობითაა გამორჩეული და არც ხასიათით. ერთი ჩვეულებრივი ამერიკელი თინეიჯერია, რომელიც  ცდილობს იცხოვროს ჩვეულებრივად.
მისი მეგობარი- ერლი ჯექსონიც ჩვეულებრივი თინეიჯერია, თუმცა ეს დუეტი საშინელ მოკლე-მეტრაჟიან ფილმებს იღებენ.
ყველაფერი კი იწყება, როცა გრეგს დედა სთხოვს, რომ იმეგობროს რეიჩელ კუშნერთან- გოგოსთან, რომელსაც დამამთავრებელ კლასში ძვლის ტვინის ლევკემია აღმოაჩნდება.
გრეგი და ერლი მტკიცედ გადაწყვეტენ, რომ გოგონას სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაულამაზონ: შეიძლება ეს არც ისე კარგად გამოსდით, თუმცა მთავარია, რომ ისინი ცდილობენ!
აი ბოლო აბზაცის დამთავრებისას, ალბათ იფიქრებთ კიდეც, რომ ეს წიგნი სენტიმენტალური და ცრემლის მომგვრელია, თუმცა ნამდვილად არა, მერე რა, რომ წიგნში გოგონაა, რომლის დღეები უკვე ათვლილია, მერე რა, რომ მისი მეგობრები მის გამხიარულებას ცდილობენ! ამ წიგნს შეუძლია პოზიტივით აგავსოთ და სიცოცხლის ხალისი მოგანიჭოთ!
იუმორით და უბრალოდ ლამაზად დაწერილი წიგნი, რომელშიც მრავლად შეხვდებით სლენგებს, ჟარგონებს და სხვა მრავალს, ქართულად შესანიშნავად თარგმნა ნათია ჩუბინიძემ, რომელმაც მოახერხა ორიგინალი ტექსტის აბსოლუტურად იდენტური თარგმანის ქართველი მკითხველისათვის შეთავაზება.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, თავად წაიკითხეთ ეს წიგნი და დარწმუნდით მის უნიკალურობაში!
ისიამოვნეთ! 

4 comments:

  1. ვკითხულობ და 200 გვერდამდე ვარ . ვფიქრობ დანარჩენი 100 გვერდი ძალით წავიკითხო თუ ნაგავში მოვისროლო . ჩემთვის ზედმეტად ბავშვური ხუმრობებია ,მართალია ბევრ მომენტზე გამეცინა მაგრამ ძალიან ბევრი დიალოგია უაზრო . მე 16 წლის ვარ და ვფიქრობ უფრო პატარა ასაკისთვისაა.დაახლოებით ისეთი ასაკისთვის სექსი , ძუძუ და "ფისო" რომ იცი რას ნიშნავს და რომ გიხარია ... იმედია რომ მოვრჩები დახარჯულ დროს დაკარგულად არ ჩავთვლი.

    ReplyDelete

კომენტარი