„ოდესმე თუ დაინტერესებულხართ, რა ღირს ადამიანის სიცოცხლე? იმ დილას ჩემი ძმის სიცოცხლე ჯიბის საათის ფასი იყო...“
იმ წიგნზე უნდა გესაუბროთ, კითხვის დამთავრებიდან კარგა ხანი რომ არის გასული, მაგრამ დღემდე ვერ ვივიწყებ ვერც სიუჟეტს, ვერც პერსონაჟებს და ვერც იმ გრძნობებს, თავის დროზე, კითხვისას რომ განვიცდიდი.
2011 წელს, ლიტვური წარმოშობის ამერიკელმა მწერალმა, რუტა სეპეტისმა გამოსცა თავისი სადებიუტო, ისტორიული ჟანრის რომანი - "რუხ ჩრდილებს შორის", რომლის გამოსვლასაც ამერიკაში და არა მხოლოდ ამერიკაში, დიდი ხმაური მოჰყვა. გამოხმაურების უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, დადებითი იყო, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ავტორს ისტორიული ფაქტების დამახინჯებაში და "დიდი ბელადის" მონსტრად წარმოჩენაში ადანაშაულებდნენ.

1939 წელს ჰიტლერმა და სტალინმა პაქტი გააფორმეს, რითიც ბალტიისპირეთის ქვეყნები: ესტონეთი, ლატვია და ლიტვა საბჭოთა ხელში აღმოჩნდა - ქვეყნები მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან გაქრნენ.
სტალინის უწყებამ შეადგინა გრძელი სიები პოტენციური მოწინააღმდეგეების - იმ ხალხის, რომელთაც შეეძლოთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაერაზმათ ერი. ამ სიებში მოჰყვნენ: სამხედროები, ექიმები, ვექილები, მასწავლებლები, ბიბლიოთეკარები და თვით მღვდლებიც კი. სიებმა მილიონობით ადამიანის ბედი სამუდამოდ შეცვალა.
სწორედ ამ პერიოდზე მოგვითხრობს სეპეტისი - ერთ ჩვეულებრივ, ლიტველ გოგონაზე - ლინა არვიდასზე, რომელსაც ხატვა იტაცებს. მასაც, მილიონობით ადამიანის მსგავსად, ღამით აპატიმრებენ (მიზეზი ისაა, რომ მამამისი უნივერსიტეტის პრორექტორია) და დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად "აციმბირებენ". სწორედ ამ მომენტიდან იწყება ის ბრძოლა, რომელმაც სამუდამო დაღი დაასვა გოგონას.
ყველა, ვისი სახელიც კი სიაში ფიგურირებდა, დააპატიმრეს: საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД, 1946 წლიდან -КГБ) თანამშრომლები ღამით, სახლებში შეუცვივდნენ ოჯახებს. მამაკაცები ცალკე წაიყვანეს საპატიმროში (სადაც, მათი უმეტესობა დაიღუპა), ხოლო ქალები და ბავშვები დედამიწის მეორე მხარეს - ციმბირში გაგზავნეს. იქიდან ბევრი აღარ დაბრუნებულა სამშობლოში, ხოლო, ვინც დაბრუნდა, მხოლოდ რამდენიმე მტანჯველი წლის შემდეგ. ამ ხალხს, რა თქმა უნდა, არც დაბრუნების შემდეგ ჰქონია მშვიდი ცხოვრება: გარდა იმ წარუშლელი, სისხლიანი კვალისა, რომელიც საბჭოთა წყობამ მათ ისტორიაზე დატოვა, მათ მუდამ აკონტროლებდნენ და ცდილობდნენ, შერცხვენილის სახელით ეცხოვრებინათ. ამის გამო, ისინი ვერ ბედავდნენ ხმის ამაღლებას და გადაწყვიტეს თავიანთი შეტყობინებები "დაემარხათ" - ბევრმა მათგანმა, ლინას მსგავსად, ნახატებით გადმოსცა თავისი ტკივილი, ბევრმა დაწერა და მიწაში ჩამარხა, ზოგმა - ბოთლში ჩადო: ისინი იმედოვნებდნენ, რომ მომავალ თაობას ასე შეატყობინებდნენ იმ საშინელების შესახებ, რასაც რეალურად ახორციელებდნენ კომუნისტები. ამ ბოთლებში მათი სულის ნაწილი იყო მოქცეული.
არ ვიცი, რაზე მოგიყვეთ შინაარსიდან ისეთზე, რითიც თქვენს დაინტერესებას შევძლებ: ძლიერ პერსონაჟებზე თუ იმ კეთილშობილ სულზე, რითიც წიგნი მთლიანადაა გაჟღენთილი. თუმცა,
მერწმუნეთ, ეს ის წიგნია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, მით უმეტეს, მაშინ,
როცა ამ ორი ერის ისტორია - ქართველების და ლიტველების ნახევარ საუკუნეზე მეტხანს
იყო გადაკვეთილი. მაშინაც, როდესაც წიგნში გადმოცემული ამბავი - სტალინის პერიოდის
რეპრესიები ჩვენი წარსულის სისხლიან ფურცელსაც წარმოადგენს.
რუტამ წიგნის წერას ერთი წელი მოანდომა. ამ ხნის განმავლობაში ის მოგზაურობდა და იკვლევდა ამ თემას, რათა ყველაფერი დაწვრილებით აღეწერა და მკითხველისთვის ემოცია გაეცოცხლებინა წიგნის ფურცლებიდან. ემოცია, რომელსაც თავად განიცდიდა, როცა გადარჩენილთა ამბებს ისმენდა: "სტალინის მიერ ციმბირში გადასახლებულმა ერთ-ერთმა გადარჩენილმა მომიყვა, რომ ღამით, მას ჩვილი ძმა დაეღუპა, მათ კი ხის ნაჭრებისგან პატარა კუბო გააკეთეს, რათა ძმა მიწისთვის მიებარებინათ, თუმცა, მეორე
დილით, ის მოპარული დახვდათ, როგორც ჩანს, ვიღაცამ ის ცეცხლის ასანთებად გამოიყენა. მე მას ვკითხე: თქვენ განრისხდით? მან კი მშვიდად, მაგრამ გაკვირვებით მომიგო: რუტა, როგორ უნდა შემეძლო გავბრაზებულიყავი, კუბომ ხომ იმ ღამით ვიღაცის სიცოცხლე იხსნა?!"
თავად მწერლის თქმით, წიგნის დაწერის მიზანი იყო რომ ხალხისთვის
"დამალული ისტორია" შეეხსენებინა: "ბევრმა ადამიანმა იცის ნაცისტების ქმედებები, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა, მაგრამ, ასევე ბევრმა არ იცის, რომ სტალინმა, თავისი მმართველობის პერიოდში, 20 მილიონზე მეტი ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფა."
მწერალმა მიზანს ნამდვილად მიაღწია: წიგნმა მოიპოვა 50-ზე მეტი ჯილდო თუ პრემია, აქედან 20 - საერთაშორისო. ნაწარმოები თარგმნილია 30-ზე მეტ ენაზე, მწერალი კი მოზარდული ლიტერატურის ერთადერთი ავტორია, რომელიც 2013 წლის მარტში მიიწვიეს ევროპარლამენტში, სადაც მან წიგნზე და მასში გადმოცემულ რეალურ ისტორიაზე ისაუბრა (იხილეთ საინტერესო ვიდეო ავტორზე ქართულად). დაწყებულია გადაღებები წიგნზე დაფუძნებულ ფილმზეც, რომელსაც "ფერფლი თოვლზე"
ერქმევა.
ფოტოს ავტორი: წიგნებში მოხეტიალე
No comments:
Post a Comment
კომენტარი