დამეთანხმებით,
ოქტომბერი წლის საუკეთესო პერიოდია მისტიკური წიგნების საკითხავად- ატმოსფეროც ისეთია,
გინდა თუ არა, მართლა დაიჯერებ ზებუნებრივი ქმნილებების არსებობას. განსაკუთრებით გემრიელი
საკითხავი ამ დროს ვამპირული წიგნებია, რომლითაც, სამწუხაროდ, მაინცდამაინც განებივრებული
არ ვართ ქართველი მკითხველი. თუმცა, თარგმნილია ძალიან მაგარი წიგნები, მათ შორის-
ჩემი საყვარელი „ვამპირული ომების“ საგა.
ამ სერიაზე ერთხელ
უკვე დავწერე, მაგრამ, ძალიან მალე, სულ რაღაც ორ დღეში, ამ საგის მეოთხე ნაწილი-
„სიკვდილის მიღმა“ გამოჩნდება წიგნის მაღაზიებში, ამიტომ, მსურს, კიდევ რამდენიმე სიტყვა
გითხრათ მასზე.
დასაწყისისთვის,
ვინც არ იცით, გეტყვით, რა არის „ვამპირული ომები“ და რატომ არის ის გამორჩეული საკითხავი
ასეთი ლიტერატურის მოყვარული მკითხველისთვის.
![]() |
"ვამპირული ომების" პირველი ინგლისურენოვანი გამოცემის ყდა. |
„ვამპირული ომები“
(ორიგინალი სახელწოდება- Blood Omen) არის ინგლისელი მწერლის- ქ. რ. დეივისის ხუთწიგნეული
საგა, რომლის წერაც მან 2005 წელს პირველი წიგნით- „კბენისთვის დაბადებულით“ დაიწყო.
მასზე ავტორი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა და საბოლოოდ საკმაოდ დიდი, 700 გვერდიანი
ტექსტი მიიღო. თუმცა, როდესაც საქმე გამოქვეყნებაზე მიდგა, მან ამჯობინა წიგნი გაეყო
ორ ნაწილად, პირველს- „ვამპირული ომები“ (The Vampire Wars), მეორეს კი „წყვდიადის
საბურველში“ (Drawn to darkness) უწოდა. „ვამპირული ომები“ ელექტრონული წიგნის სახით
„ამაზონზე“ 2012 წლის 31 დეკემბერს, საახალწლო საჩუქრად მოევლინა ამ ჟანრის მოყვარულებს,
ორი წლის შემდეგ კი ნაწარმოებით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ დაინტერესდა და საჰელოუინოდ
ქართველ მკითხველს მისი ქართული თარგმანი (მთარგმნელი- ანა ჭიჭინაძე) შესთავაზა.
წიგნმა პოპულარობა
მოიპოვა ყველა თაობის მკითხველში, განსაკუთრებით კი- ახალგაზრდების გულები დაატყვევა.
წიგნი დადებითად შეაფასა ქართველმა მწერალმა- დათო ტურაშვილმაც.
"ვამპირული ომების" პირველი ქართულენოვანი გამოცემის ყდა. |
რაც შეეხება ნაწარმოების
ფაბულას, იგი საკმაოდ მისტიკური და დაძაბულია. მთხრობელი 17 წლის დეა დიმარკოა, რომელსაც
დანარჩენი ადამიანებისგან უჩვეულო უნარი- ვამპირების ამოცნობა გამოარჩევს. წიგნის დასაწყისშივე
დეას დედა იდუმალ გარემოში იღუპება, მარტოდ დარჩენილი დეა კი საცხოვრებლად მის საუკეთესო
მეგობართან- ანა ბაკლისთან გადადის. ერთ დღეს, დეა გადაწყვეტს მისი და დედამისის ძველ
სახლში დაბრუნდეს, საიდანაც მას იტაცებს ვამპირთა ერთ-ერთი კლანი- „გრძნეულთა საძმო“,
როგორც თავად ამბობენ, დეას „აპოფაისგან“ დასაცავად, რომელიც უძველესი ეგვიპტური ბოროტი
ღვთაების- აპოფაისის მიმდევრების სექტას წარმოადგენს.
დეტალებს არ მოვყვები,
რადგან წიგნი სავსეა მოულოდნელობებით და ამან, შესაძლოა, წაკითხვის სურვილი გაგიქროთ.
მაგრამ, დამერწმუნეთ, კითხვის დაწყების შემდეგ, მისი გვერდზე გადადება მართლაც რომ
შეუძლებელია.
![]() |
ავტორი- ქ. რ. დეივისი მესამე წიგნის პრეზენტაციაზე. |
ახლა კი გადავიდეთ,
მეოთხე ნაწილზე, ანუ იმ წიგნზე, რომელიც ორშაბათიდან გამოჩნდება წიგნის მაღაზიის დახლებზე
(ვისაც სამივე ნაწილი არ გაქვთ წაკითხული და არ გინდათ, „დასპოილერდეთ“, აღარ გააგრძელოთ
კითხვა).
ისევე, როგორც პირველი
ორი წიგნი, მესამე ნაწილიც „მაგნიტური“ დასასრულით გამოირჩეოდა. გამოღვიძებას და აპოფაისის
აღზევებას ბევრი აღარაფერი უკლდა, როცა დეივისმა წერტილი დასვა და მკითხველი გაურკვევლობის
მორევში დატოვა.
ქართულენოვანი მკითხველი
ერთი წლის განმავლობაში კბილების ღრჭიალით ელოდა შემდეგ ნაწილს, რათა ბედის ანაბარა
დარჩენილი დეას შესახებ მეტი შეეტყო და ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა, მაგრამ
ნურას უკაცრავად...
გაურკვევლობები
და ინტრიგები ამ წიგნში ორჯერ მეტია, ვიდრე წინა სამ ნაწილში ერთად. ყველა აინტერესებს
ორი რამ- აღზევდა თუ არა აპოფაისი და ვინ არის მამა ბავშვისა, რომელსაც დეა მუცლით
ატარებს.
მაგრამ ეს წიგნი
ბევრად, ბეეეევრად მეტია იმაზე, ვიდრე პასუხი ამ ორ კითხვაზე. თუ წინა წიგნები ერთი
ამოსუნთქვით იკითხება, ძნელი სათქმელია, რამდენი ამოსუნთქვა დასჭირდება ამ წიგნის წაკითხვას,
ან, საერთოდ, დასჭირდება თუ არა.
ჩემს მაგალითზე
რომ ვთქვა, ამოსუნთქვის საშუალება არც მოუცია ამ წიგნს. მაისში დავიწყე მისი კითხვა,
როცა საკმაოდ დატვირთული, წინასაგამოცდო პერიოდი იყო, მაგრამ გამოცდებიც და სამეცადინოც
ერთი დღით სრულიად დამავიწყა წიგნმა. ერთი დღითო? აქაც ნურას უკაცრავად; დასასრული
ისეთი იყო, ეშმაკს რომ სული მოეთხოვა მეხუთე წიგნის სანაცვლოდ, ალბათ, მივყიდდი.
გარდა იმისა, რომ
დეივისმა არ უღალატა თავის წერის ტრადიციებს და წიგნი ასეთი ზე-საინტერესო გამოუვიდა,
მასში ადვილად შეამჩნევთ „სიახლეებს“. მაგალითად, თუ პირველ სამ წიგნში ენ რაისის და
ლ. ჯ. სმითის გავლენა იგრძნობოდა, ამ ნაწილმა, შესაძლოა, „ნამდვილი სისხლი“ მოგაგონოთ.
![]() |
მეოთხე წიგნის ქართულენოვანი გამოცემის ყდა. |
აქვე უნდა აღინიშნოს
ისიც, რომ საგის მულტიჟანრობრივ სიას (რომელიც მკითხველების საყვარელ ჟანრებს- მითოლოგიას,
რომანტიკას, ურბან-ფენტეზის და კიდევ ბევრს აერთიანებს), კიდევ ერთი დაემატა- სამეცნიერო ფანტასტიკა, თუ რატომ,
ამას მალევე მიხვდებით კითხვის დაწყებიდან.
ყველა ზემოაღნიშნულიდან
და კიდევ სხვა უამრავიდან გამომდინარე, რომელიც, ალბათ, გამომრჩა, წიგნი არის ნამდვილი
„საოცრებების ყუთი“, რომლის გახსნასაც ორშაბათიდან შეძლებთ.
მას შემდეგ კი,
რაც წიგნს წაიკითხავთ, ან ჯერ არ წაიკითხავთ, გელოდებით პრეზენტაციაზე, 28 ოქტომბერს,
18:30-ზე მედიათეკაში, ვეტერანთა პარკში, სადაც გექნებათ შესაძლებლობა შეხვდეთ ავტორს,
გადაიღოთ ფოტო მასთან, მიიღოთ ხელმოწერილი წიგნის ეგზემპლარი, ჩაერთოთ ვიქტორინაში,
მოიგოთ პრიზები და სხვა უამრავი სიურპრიზი.
_________
·
თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ ავტორზე, რომელიც საქართველოში
ცხოვრობს ქართულ ოჯახთან ერთად, ეწვიეთ მის ბლოგს.
·
აქვე, შეამოწმეთ ძველი ბლოგპოსტი ავტორსა და ნაწარმოებზე.
·
და ბოლოს, პრეზენტაციის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის,
გადადით ამ ბმულზე.
დაე, ჩამოწვეს წყვდიადის საბურველი!